თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის გოგონა სოფელში გადააასვენეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი მამინაცვალია, არსებული ვერსიით მკვლელობის მიზეზი შურისძიებაა.

მისი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახზე სისტემატურად ძალადობდა.  მოკლული გოგოს მამა ამბობს, რომ მის შვილს ჭრილობა ცივი იარაღით კისრის არეში აქვს მიყენებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძე აქამდეც იყო ნასამართლევი.

25 წლის გოგოს ახლობლები ამბობენ, რომ პატრული უკვე იყო გაფრთხილებული, თუმცა, რეალურად, ვერაფერი მოიმოქმედეს. მკვლელობა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, სავარაუდოდ, ოჯახური დაპირისპირების გამო შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულის დედას ბრალდებული შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდა.

გამოძიება  სსსკ-ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.