“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მამუკა ბახტაძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს.

2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2006 წლებში – სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.

მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს კი INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

კანონმდებლობის თანახმად, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელსაც, თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში წარუდგენს.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს, მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. ამასთან, კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც.

რაც შეეხება დამტკიცების პროცედურას, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, რის შემდეგაც ისინი ნდობის მისაღებად პლენარულ სხდომაზე წარდგებიან.

პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს, თუმცა კითხვების შესაბამისად, პოლიტიკურ დებატებში ჩართვის უფლება მინისტრობის კანდიდატებსაც აქვთ. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.